საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: მთავრობამ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობა თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის შეწყვეტაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქთან მდებარე საფორტიფიკაციო ობიექტები მოინახულა. პრეზიდენტის განცხადებთ, მათი მშენებლობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა დღეს საქართველოს მტერმა ამის შესახებ "ისედაც იცის".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, ქალაქის გარშემო ყველა სიმაღლეზე ბეტონის ბუნკერები აშენდა. პრეზიდენტის თქმით, ამის წყალობით დედაქალაქი დღეს დაცულია და მასზე შეტევა ჩრდილოეთიდან ძალიან გართულებულია.

სააკაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ გაითვალისწინა სომხეთის მხრიდან შეტევის შესაძლებლობაც და დაიწყო ფორტიფიკაციების მშენებლობა სამხრეთის, წითელი ხიდის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ეს სამუშაოები 70 პროცენტით შესრულებულია. თუმცა, ამჟამად ისინი შეჩერებულია.

"მე ვესაუბრე გენშტაბის ოფიცრებს და, მათი თქმით, მთავრობაში აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშენებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციებს ვუწყობთ რუსებს! მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მათ (რუსეთს) გამოვიწვევთ, თუკი ვიქნებით დაუცველები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებთ, ამ სამუშაოებზე წინა ხელისუფლებას უცხოელი ინჟინრები ჰყავდა მოწვეული. "ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვეთ. მშენებლობა დღეს მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, მთლიანად საბოტაჟის ქვეშ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებლური ქმედება და ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები