2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ღარიბაშვილი: მივმართავ პარტიებს, არჩევნებზე პროვოკაციისგან თავი შეიკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ.

"მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან, ჩვენ ვიქნებით მობილიზებული იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ადგილზე ნებისმიერი პროვოკაცია და არ დავუშვათ რაიმე ტიპის ექსცესები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში დღეისათვის მთავარი მონაპოვარი თავისუფალი არჩევანის უფლებაა.

"როცა ვსაუბრობთ განვლილ შედეგებზე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავარი მიღწევა, ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელიც, სამწუხაროდ, არ არსებობდა გასული წლების განმავლობაში. მე მინდა, შეგახსენოთ, თუ როგორი ძალადობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობა; როგორი ძალდატანებით ხდებოდა თანამშრომლების მიყვანა საარჩევნო ყუთებთან, ეს ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ჩემო მეგობრებო, ეს აღარასოდეს განმეორდება. მე მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის მეთაურის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნებით, მისი დავალებით, ჩვენ შევქმენით უპრეცედენტო, ღია, თავისუფალი და გაჭვირვალე საარჩევნო გარემო. ისეთი გარემო, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენ მივაღწიეთ ევროპულ სტანდარტებს. ამით მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვამაყობ. ვამაყობ თითოეული თქვენგანით, ვინაიდან, რომ არა თქვენი ძალისხმევა, რომ არა თქვენი თავდაუზოგავი შრომა, ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებდით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე შსს-ს ყველა თანამშრომელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"არჩევნებში მონაწილეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თითოეული თქვენი ხმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება, ამიტომ მე მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში ტარდება პირველად თავისუფალი და ღია არჩევნები, მართლაც ევროპული სტანდარტების არჩევნები, რომელსაც აღიარებენ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები", - თქვა ღარიბაშვილმა.

ზემოაღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციისათვის დამატებით 24 ერთეული ავტომანქანისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

კომენტარები