2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: კოჰაბიტაციის დასრულება აუცილებელია

გიორგი მარგველაშვილი

კოჰაბიტაცია უაღრესად რთული იყო ჩვენი გუნდისთვის. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი და მისი მხარდამჭერების მთავარი ლოზუნგია - ერთად განვაგრძოთ წინსვლა, თუმცა ამ წინსვლისთვის კოჰაბიტაციის დასრულება აუცილებელია. "სექტემბრის ბოლომდე ვეტოების დაძლევა მიმდინარეობდა. როდესაც ვითვლიდით რომელიმე კანონპროექტის პარლამენტში შეტანისა და დამტკიცების გრაფიკს, ეს ვადები გაგვიორმაგდა, რადგან ყველა კანონპროექტს ვეტო ხვდებოდა. ბევრი რამ სწრაფად ვერ განხორციელდა. გარანტიას გაძლევთ, ეს პრობლემა რამდენიმე დღეში მოიხსნება და არა - რამდენიმე კვირაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კოჰაბიტაცია იყო რთული მდგომარეობა, რომელშიც ჩართული იყო პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო, რეგიონებში გუბერნატორები ანუ აღმასრულებელი შტოს შიგნით ხდებოდა დაპირისპირება. "სამეგრელოს გუბერნატორი, რომელზეც სასამართლომ განაცხადა, რომ დამნაშავეა, თანამდებობაზე პირდაპირ ციხის საკნიდან დანიშნეს. თუ კოჰაბიტაციას ვერ დავასრულებთ, წინსვლის პროცესი სწრაფად ვერ გაგრძელდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები