2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: ერთი-ორი პოლიტიკოსი თუ დადგა ქუჩაში, აქცია კი არა, პერფორმანსია

გიორგი მარგველაშვილი

ქუჩის აქციები თუ იქნება, დავიცავთ წესრიგს. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, "პოლიტიკურ დიალოგში ვერცერთი კონკურენტი ვერ შემოვა", რადგან ქართული ოცნება ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. "ნებისმიერ პროცესს, რომელიც არის ქუჩაში, აქვს თავისი პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკური შემადგენლის თვალსაზრისით, ჩვენ იმდენად წელში გამართული ვართ, იმდენად არაფერი დაგვირღვევია და იმდენად უპრეცედენტოდ დემოკრატიულია საზოგადოება, ამ პოლიტიკურ შემადგენელს მარტივად დავალაგებთ. ჩარჩოებს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სიხისტე არ იქნება საჭირო, იქნება წესრიგი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს "არ აინტერესებს", რას იფიქრებენ არჩევნების შედეგებზე მისი კონკურენტები. "კონკურენტები ქუჩაში არ დგებიან. ცდილობენ, დააყენონ საზოგადოება. საზოგადოებას კი ჩვენი სჯერა და ნახა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები აქამდე არ ყოფილა და რატომ დადგება ქუჩაში? ხალხი არ დადგება ქუჩაში და თუ ერთი-ორი პოლიტიკოსი დადგა, ამას უკვე არა აქცია, არამედ პერფორმანსი ჰქვია და შეუძლიათ, ეს გააკეთონ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები