2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: კვლევები NDI-ის ძლიერი მხარე არ არის

გიორგი მარგველაშვილი

NDI ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ კვლევები მისი ძლიერი მხარე არ არის. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, NDI-ში მუშაობის გამოცდილება თავადაც აქვს და პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, ამ ორგანიზაციას სერიოზულ წონას აღიარებს. თუმცა კვლევების მიმართულება, მარგველაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის შედარებით ახალია და საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რეიტინგების დათვლა არცთუ ზუსტად გამოსდით.

მარგველაშვილის თქმით, NDI-ის რეიტინგებზე დაყრდნობით ვერ განსაზღვრავს, თუ რომელ კანდიდატთან გამართოს დებატები. როგორც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, მასთან დებატები 22-ივე კანდიდატს რეიტინგის ასამაღლებლად სურს. "არ ვთანხმდები დებატებზე იმიტომ, რომ 22 კანდიდატიდან 22-ივესთვის, იმისთვის რომ რეიტინგი მოიპოვონ, ერთადერთი საშუალებაა ჩემთან კამათი. შესაბამისად, მე უნდა გამოვარჩიო რომელიმე და რეიტინგი ავუმაღლო ვიღაცას. რატომ უნდა გამოვარჩიო რომელიმე და იმის რეიტინგზე ვიმუშაო?", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, კონკურენტ კანდიდატებთან დებატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი "რამე ფორმატს" შესთავაზებენ. "მაგალითად, როგორც ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები