2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ბურჯანაძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა

Nino Burjanadze

ბურჯანაძემ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთთან გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე დღეს ქუთაისის ამომრჩეველს შეხვდა. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო საარჩევნო პროგრამა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, შიდა პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო ბურჯანაძის შეხვედრის წინასაარჩევნო აგიტაციის მთავარი თემა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებისა და მოსახლეობაზე ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა.

"ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ გარიგებას, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, არ გავიდეს ბურჯანაძე მეორე ტურში. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველოში არ არის ჯერ ჩამოყალიბებული დემოკრატიის ტრადიცია, ადგილებზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის არჩევნებს ატარებდნენ. ისინი არსად არ წასულან კოაბიტაციის წყალობით. ამ ადამიანებმა მიიღეს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როგორც პირდაპირი დავალება, რომ თუ უნდათ თანამდებობების შენარჩუნება, უნდა დადონ 60 პროცენტი. ბუნებრივია, დაიწყო მოსყიდვების მცდელობა, დაიწყო დაშინებების მცდელობები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე დილიდან იკრიბებოდნენ. მოსახლეობა მიტინგზე დასასწრებად მიმდებარე სოფლებიდანაც ჩამოვიდა.

 

კომენტარები