საწვავის ფასი

სოკარის პრეზიდენტი: საწვავის ფასი არ შემცირდება

როვნაგ აბდულაევი
uefa.com

სოკარის პრეზიდენტის განცხადებით, საწვავის გაიაფება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება. სოფელ სადახლოში, როვნაგ აბდულაევმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანიამ საქართველოს მთავრობის თხოვნით, საშემოდგომო სამუშაოების დროს დიზელის ფასი შეამცირა, თუმცა ტარიფი ძველ ნიშნულს სავარაუდოდ წლის ბოლოს დაუბრუნდება.

"არ გვესმის, როგორ შეიძლება შევამციროთ ნავთობზე ფასი, მაშინ როდესაც მსოფლიოში ნავთობზე ფასი ძვირდება. ჩვენ საქართველოს მთავრობის თხოვნით, გავაიაფეთ დიზელი საშემოდგომო სამუშაოების პერიოდში, თუმცა წლის ბოლოს, ვფიქრობ, ტარიფი საბაზრო ნიშნულს დაუბრუნდება. მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მსოფლიოში ფასები იზრდება", - განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლის შემოყვანაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

"მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ალიევს. მან თანხმობა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ კორიდორი უნდა იყოს გახსნილი და ნებისმიერი კომპანია, რომელსაც ექნება საშუალება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, ამას შეძლებს. ეს ჩვენთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ საწვავის ფასი უახლოეს მომავალში გაიაფდება

კომენტარები