კინო

ახალი სეზონის ახალი შოუები

შემოდგომაზე ამერიკაში სატელევიზიო შოუების ახალი სეზონი იწყება. წელს რამდენიმე საკულტო შოუ სრულდება – „დექსტერი", Breaking Bad, „როგორ გავიცანი დედათქვენი", მათი ადგილის დაკავება კი, ნებისმიერ ახალ სერიალს ძალიან გაუჭირდება.

წარმოგიდგენთ შემოდგომის სეზონის უმთავრეს პრემიერებს, რომლებსაც ტელეეკრანებზე დიდხანს გაჩერების ყველაზე კარგი შანსი აქვთ.

ბრუკლინის 99 (Brooklyn Nine-Nine. FOX)

17 სექტემბრიდან

„ოფისი" დამთავრდა, „როგორ გავიცანი დედათქვენი" წელს იხურება. სიტ-კომების სამყაროში ორი გიგანტი – „დიდი აფეთქების თეორია" და „თანამედროვე ოჯახი" რჩება, სულ მალე კი მათ შეიძლება „ბრუკლინის 99" შეუერთდეს.

Fox-ის ახალი კომედიური სერიალი ბრუკლინის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ყოველდღიურ ცხოვრებას გვიჩვენებს. აქ თქვენ ნახავთ დეტექტივ ჯეიკ პერალტას, ცანცარა, მოუთმენელ გამომძიებელს, რომელიც რამდენად კარგი დეტექტივიცაა, იმდენად გამაღიზიანებელი და არასერიოზული ადამიანია. მისი პარტნიორი ემი სანტიაგო, მუდამ თავისი გამორჩეულობის დამტკიცებას ცდილობს, როზა დიასი კი ჭკვიანი, მკაცრი და საშიში თანამშრომელია, ხოლო მათი უფროსი კაპიტანი რეი ჰოლტი წესრიგისა და დისციპლინის მოყვარული პოლიციელი, რომელიც ბრუკლინში წესრიგის დამყარებას შეეცდება.

ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, იწყება ძალიან სასაცილო ახალი კომედია, რომელიც „ოფისის" სტილში იქნება გადაღებული და მრავალფეროვანი პერსონაჟების წყალობით, მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ მისცემს. სერიალში მთავარ როლს შეასრულებს „შაბათის ღამის შოუს" ყოფილი მსახიობი ედი სემბერგი, რომელიც შოუს ბოლო გენერაციის მსახიობებში ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ნათელი წერტილი იყო.

მძევლები (Hostages. CBS)

23 სექტემბრიდან

CBS ახალ შოუს იწყებს, რომლის ტრეილერის ატმოსფეროც „სამშობლოსას" (Homeland) ჰგავს. სერიალის მთავარმა პერსონაჟმა აშშ-ის პრეზიდენტს ოპერაცია უნდა გაუკეთოს, ამ დროს კი მის ოჯახს ტერორისტები დააკავებენ და ექიმ ელენ სენდერსს ერთადერთ გამოსავალს შესთავაზებენ – თუ მას ოჯახის გადარჩენა სურს, პრეზიდენტი უნდა მოკლას. ტერორისტების ლიდერი კი FBI-ის ერთ-ერთი წარჩინებული აგენტია.

„მძევლებს" აქვს წინაპირობა, კარგ პოლიტიკურ დრამად იქცეს – საინტერესო სიუჟეტი (მინიმუმ, პილოტი სერიისთვის მაინც), კარგი ქასთი (ტონი კოლეტი და დილან მაკდერმოტი) და, რაც მთავარია, პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი, რომელიც არაერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერის უკან დგას. „ცუდი ბიჭები", „კარიბის ზღვის მეკობრეები", „შავი ქორის დესანტი", „სახელმწიფოს მტერი", „კლდე" – ეს ფილმები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ ბრუკჰაიმერის შესაძლებლობებზე.

შავი სია (Blacklist. NBC)

23 სექტემბრიდან

რეიმონდ „რედ" რედინგტონი FBI-ის მიერ ძებნილი დამნაშავეა. ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავისი ნებით ბარდება. რედის განცხადებით, მას და ამერიკის სახელმწიფოს საერთო ინტერესი აქვთ – გაანადგურონ დამნაშავეები. რედინგტონს ერთადერთი მოთხოვნა აქვს – მხოლოდ ელიზაბეთ ქინს დაელაპარაკება. რედი ამოუცნობი ადამიანია, რომელიც FBI-ის დამნაშავეების შავ სიას წარუდგენს, სიაში კი ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა არსებობის შესახებ ფედერალურ ბიუროში არც სმენიათ.

ჯეიმს სპეიდერი სხვა ჰოლივუდელი მსახიობების გზას გაჰყვა, კინოდან სატელევიზიო შოუებში გადაინაცვლა და, ერთი შეხედვით, საინტერესო პროექტიც აირჩია. ამ სერიალის საწყისი ეპიზოდების ნახვა რეკომენდებულია, „შავ სიას" აქვს შანსი, Blacklist-იდან most wanted სერიალებში მოხვდეს.

სექსის ოსტატები (Masters of Sex. Showtime)

29 სექტემბრიდან

როცა საქმე ხარისხიან სატელევიზიო შოუს ეხება, Showtime, HBO-სთან და AMC-ისთან ერთად, ძლევამოსილ ტრიადას ქმნის, ხარისხის გარანტს, რომელიც მაყურებელს იშვიათად უცრუებს იმედს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ სამივე ტელევიზია ყოველწლიურად ძალიან ცოტა ახალ შოუს იწყებს.
Showtime წელს იმედს პროფესორ უილიამ მასტერსის ისტორიაზე ამყარებს. მარტინ შინის პერსონაჟი ექსცენტრიკული, მაგრამ ნიჭიერი ექიმია, რომელიც სექსს იკვლევს. რთულია იმის გადმოცემა, თუ რაზეა სერიალი ან რა იქნება ყოველ სერიაში მიმზიდველი. უბრალოდ, უნდა ენდოთ Showtime-ს, რომლის ეთერშიც „დექსტერი", „რეი დონოვანი" და „სამშობლო" გადის.

დრაკულა (Dracula. NBC)

25 ოქტომბრიდან

ბრემ სტოკერის უკვდავი ქმნილების ეკრანზე გაცოცხლება ყოველთვის საინტერესო სანახავია. მით უმეტეს მაშინ, თუ პროექტის უკან დენიელ ნაუფი დგას, ადამიანი, რომელმაც HBO-ს კლასიკა – „კარნავალი" შექმნა.

„დრაკულა" სტოკერის ნაწარმოების ინტერპრეტაცია იქნება. სერიალის შემქმნელებმა ეპოქა და დრაკულას შურისძიების მოტივი უცვლელი დატოვეს, თუმცა, მათი თქმით, ბევრი რამ შეცვლილია. ყველაზე ცნობილი ვამპირის როლს ჯონათან რაის მეიერსი შეასრულებს.

ეს სერიალი ჯერჯერობით 10-ეპიზოდიან მინისერიალად არის ჩაფიქრებული, თუმცა, მაღალი რეიტინგის შემთხვევაში, ახალ სეზონებსაც უნდა ველოდოთ.

თითქმის ადამიანი (Almost Human. FOX)

4 ნოემბრიდან

ჯეი ჯეი აბრაამსი უკვე დიდი კაცია, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს უნდა შეეჭიდოს – „ვარსკვლავური ომების" გაგრძელება გადაიღოს. მიუხედავად ამისა, ჯეი ჯეი ტელევიზიას არ ეშვება და „დაკარგულების" მერე სულ ცდილობს, რაიმე რევოლუციური და მაღალრეიტინგული შექმნას. წელს მისი ახალი მცდელობა „თითქმის ადამიანი" იქნება. სერიალი მომავალზე მოგვითხრობს, ეპოქაზე, როდესაც ადამიანები რობოტებს საკუთარ სამსახურში იყენებენ. ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდები პოლიციელები არიან, რომლებიც ადამიანებთან წყვილში დანაშაულთან ბრძოლას ცდილობენ. თუმცა არის ერთი პოლიციელი, ვინც მანქანებს არ ენდობა. სიუჟეტმა ალბათ ყველას „მე რობოტი" გაგახსენათ, ტრეილერიც ძალიან ჰგავს ალექს პროიასის ფილმს.

მსგავსი სტილის სატელევიზიო შოუების პრობლემა მუდამ კარგი სცენარი იყო, ახლა კი აბრაამსის სახელი იმედის ნაპერწკალია, რომ სერიალი გაამართლებს.

კომენტარები