ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ბუნებრივი სურვილი, იყოს წინამორბედზე უკეთესი და შინ – ელექტორატს, ხოლო გარეთ – საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ ის გაცილებით უკეთ მართავს პროცესებს, ვიდრე ამას წინა ხელისუფლება ახერხებდა. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა საჯაროდ მოახდინეს დეკლარირება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამ თვალსაზრისით გამორჩეული იქნებოდა. ბუნებრივია, ვიდრე საარჩევნო პროცესში ვართ, იმის განსჯა, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის კეთილშობილური ოცნებაა თუ რეალობა, ნაადრევია, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგისა თუ ოპოზიციური პარტიების პრეტენზიების საფუძველზე, გარკვეულ ტენდენციებზე საუბარი ამთავითვე შეიძლება.
ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის – ნაციონალური მოძრაობის მესვეურებს აქვთ, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს და პარტიის გენერალური მდივნის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით ანალოგის პოვნა წინა არჩევნებთან რთული იქნება, რადგან პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების და მათ მიმართ ძველ საქმეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის პრეცედენტი საარჩევნო პროცესში აქამდე არ ყოფილა.
ძალადობრივი საარჩევნო გარემოს პრობლემა როგორც 2012 წლის საპარლამენტო, ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოიკვეთა. თუმცა, განსხვავება სამართლებრივი რეაგირების ფორმებში იყო: თუ კარალეთისა და მერეთის ინციდენტები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი, ინციდენტების მონაწილეთა ადმინისტრაციული პატიმრობით დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნებისას ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს საპასუხოდ 100-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა მოჰყვა.
ხადია, ძალადობრივ ქმედებებზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაც ლეგიტიმურად ბადებს ამ ზომის ადეკვატურობის საკითხს, თუმცა 100-ლარიანი ჯარიმა, როგორც ეს უკანასკნელ შემთხვევებში იყო გამოყენებული, მით უფრო, განმეორებითი ქმედებებისთვის, ძალადობის წამახალისებელ ფაქტორად უფრო შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ისეთ პრევენციულ სანქციად, რომელმაც შემდგომი ესკალაციის საფრთხე შეიძლება შეამციროს.
ფოტო: Reuters
ისეთი ტრადიციის მქონე ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის კულტურა ჩამოყალიბებული არ არის, ვითარება 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა. ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი და ახალი კულტურის ჩამოყალიბება, ბუნებრივია, დიდწილად არის დამოკიდებული იმ საკანონმდებლო სანქციების ადეკვატურ განხორციელებაზე, რომელთაც შემდგომი პრაქტიკისთვის პრეცედენტის მნიშვნელობა და ძალა უნდა შეიძინოს. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული საჯარო მოხელე ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებისთვის დააჯარიმეს, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლება ხშირად სირაქლემას პოზიციას იკავებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავად მათ არსებობას ხდის საკამათოდ (ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ სახელმწიფო ვერტმფრენის გამოყენება, საჯარო მოხელეთა მონაწილეობა საარჩევნო შეხვედრებში და სხვა).
ფოტო: Reuters
რამდენად თვისობრივად უკეთესობისკენ შეიცვალა საარჩევნო გარემო საქართველოში, ამის შეფასება იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ცოტა ნაადრევია, თუმცა, ამ ეტაპზე ერთი რამ ცხადია: მიმდინარე საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების დაბალი ინტერესისა და პოლიტიკური კლასის მიერ დუნედ წარმართული საარჩევნო კამპანიის ფონზე, დარღვევები კვლავაც „აპრობირებულ" სახეს ინარჩუნებს, რიგ შემთხვევაში კი, უფრო დამძიმებული სახით წარმოჩინდება.