არჩევნები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს

იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ამომრჩეველს გაციფრულებული ბიულეტენი დახვდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

"ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ  წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის". - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

ცესკოს ცნობით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.

იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ამასთანავე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კრწანისის ოლქში, იგივე სისტემა გამოიყენეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის რამდენიმე უბანზეც.

კომენტარები