არჩევნები

"ეს არის რეპეტიცია 2024-ისთვის" – 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

კენჭისყრა დილის 8 საათიდან დაიწყო. 

ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ცესკოს განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზედაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. მათი თქმით, ამის გამო ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით". - ვკითხულობთ განცხადებაში

ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა.

IRI: საქართველოში ყოველ მესამეს არ სჯერა, რომ ცესკოს სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლია

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს სჯერა დარწმუნებით, რომ ცესკოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, 33% კი ნაწილობრივ დარწმუნებულია. ამავე კითხვაზე 33% პასუხობს, რომ "საერთოდ არ არის დარწმუნებული", ხოლო 17% "მცირედ დარწმუნებული".

კომენტარები