სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ამ ეტაპზე 5 500-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინპეტიციას ამ დროისთვის 5 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
პრემიერმინისტრისა და ოლიმპიური კომიტეტისადმი  გასაგზავნ მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

ცნობისთვის, პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებით შემუშავდა. ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყო. მიმართვის ავტორების აზრით, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და წევს საოკუპაციო ზოლს. 

პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით სხვადასხვა სახის ღონისძიება - მათ შორის, მშვიდობიანი აქციებიც დაიგეგმოს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს ხელმომწერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. 

გარდა ამისა, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართება. 13 ოქტომბერს რუსეთის ქმედებებს მუსიკოსები გააპროტესტებენ. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი კიდევ ერთხელ დაგმობენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმასა და სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის", ნეჩაევის დასახელებას.

"გვინდა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, "არა - ოკუპაციას". მოვლენები, რომელიც ვითარდება, დარწმუნებული ვარ, არ არის სასიამოვნო საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის. სადამდე შეიძლება, ავიტანოთ ეს შეურაცხყოფა?!", - განაცხადა მუსიკოსმა აჩიკო გულედანმა.

 

კომენტარები