სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: ოლიმპიადის დროს დაფიქსირებულ წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მისი რჩევა იქნება, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს დაფიქსირებულ "წვრილმანებს" დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევენ.

"საქართველოს რუკა იყო სატელიტური ფოტო, რომელზეც შეიძლებოდა ყოფილიყო ღრუბელი. მე ამას არ აღვიქვამ, როგორც პროვოკაციას. მთავარია ის, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს - მთლიანი, ქართული და ინგლისური წარწერებით. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, მე, ყველას ვურჩევ, რომ წვრილმანებზე ამხელა ყურადღებას ნუ გავამახვილებთ. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც დროშა ჰქონდეს, ვიღაცას რაღაც მაისური ეცვას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, ეს არ არის ოფიციალური პოზიცია. ეს არის კონკრეტული ადამიანების თვითგამოხატვის სურვილი, რისი უფლებაც მათ აქვთ. აქედან გამომდინარე, ამასაც ოფიციალური რეაქციის ღირსად მე არ მივიჩნევ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას, მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

კომენტარები