ფარული ჩანაწერები

ბაქრაძე: ციხეებში არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ციხეებში არსებული სიტუაცია დამშვიდების საფუძველს დღესაც არ იძლევა.

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა წლებიდან. ვწუხვარ, რომ, როგორც ჩანს, იქ არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ის თემაა, სადაც ერთმანეთზე გადაბრალებისა და ნიშნის მოგების მაგივრად უნდა გავიაზროთ, რომ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ციხეში არსებული პრობლემები მოისპოს", - აღნიშნა ბაქრაძემ. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეო 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა სააგენტომ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში და მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

ვიდეომასალა გელა მთივლიშვილმა მოიპოვა, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრიც იყო. მისი განმარტებით, მონიტორინგისას მათ იცოდნენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ბაჩო ახალაიას საკანს ვიდეოთვალით აკვირდებოდა, მაგრამ აუდიოჩაწერის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ტაბულასთან საუბარში მან თავი შეიკავა ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის დასახელებისგან, თუმცა განაცხადა, რომ სანამ ის ამ ვიდეომასალას ნახავდა, ამის შესაძლებლობა მანამდე არაერთ ადამიანს ჰქონდა.

ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა გააპროტესტეს. გიორგი ონიანის თქმით, ჩანაწერი არაკანონიერია, რადგან სასამართლოს ნებართვა არ არსებობდა. 

 

კომენტარები