ოკუპირებული ტერიტორიები

დვანში ქართველი ჟურნალისტების აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დასრულდა

მავთულხლართები დიცში

სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტების აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დასრულდა. აქციის დასრულების შემდეგ ისინი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ ვითარებაზე გაესაუბრნენ. მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ის სამი სახლი, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა.

ადგილობრივების თქმით, ორდღიანი ვადა, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ტერიტორიის დასაცლელად დააწესეს, დღეს საღამოს იწურება.

ამ დროისთვის ახლადგავლებულ მავთულხლართებთან ქართველი მესაზღვრეები იმყოფებიან, მათ მედიის წარმომადგენლებს მავთულხლართებთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს. დვანელები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ.

ქართველი ჟურნალისტების აქცია სოფელ დვანში, ე.წ საზღვართან დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. აქციას საოკუპაციო ზოლის მიღმა მყოფი ოსური მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.

აქციის განმავლობაში ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები არ გამოჩენილან. ამ დროისთვის, ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებიც შეჩერებულია.

 

კომენტარები