მავთულხლართები

წიკლაური: მავთულხლართების გავლებაში საქართველოს ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დრამატული და ტრაგიკული ლუსტრაცია დვანსა და დიცში რუსი მესაზღვრეების მიერ გაბმული მავთულხლართებია. ამის შესახებ წიკლაურმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. კომიტეტები დღეს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ. ნუგზარ წიკლაურის თქმით, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა ერთგვარი მინიშნება, რომ ამ პროცესს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას პოლიტიკური ქვეტექსტიც ჰქონდა.

"პირადად მე კი, ნამდვილად არ ვცდილობ დავადანაშულო დღევანდელი ხელისუფლება იმაში, რომ იქ მავთულხლართები აღიმართა. ეს არის ოკუპანტების გაკეთებული და ჩვენ მთავარ დამნაშავედ, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია რუსეთი. ამასთან, ჩემი მხრიდან არ იქნება პატიოსანი საქციელი, არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ ფუნდამენტური შეცდომების გამო, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა ხელისუფლებამ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. დეპუტატის შეფასებით, ახალი მთავრობა შეცდა, როდესაც იფიქრა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის კრიტიკის შესუსტება ორ ქვეყანას შორის რამე ახალ ურთიერთობას გააღვიძებდა. 

"საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში იყო ფუნდამენტური და უპატიებელი ხასიათის შეცდომა. აგენტების გამოშვება ასევე იყო ფუნდამენტური და უმძიმესი შეცდომა. საგარეო კურსზე მერყეობა, ხან რაღაც არმენიზაციაზე ლაპარაკი, ხან ევრაზიული კავშირის უადგილოდ მოტანა პრემიერის გამოსვლებში, ესეც აზიანებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა ერთი წლის განმავლობაში, ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ამას ვამბობ გულწრფელად, მარცხით დასრულდა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიდგომების გადახედვაზე", - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დიცსა და დვანში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს. სავარაუდოდ, გადმოიწევა ე.წ საოკუპაციო ხაზი და ადგილობრივების სამი სახლი, ასევე, სახნავ-სათესი მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის წარმომადგენლებმა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა უწოდეს. 

კომენტარები