NDI-ის კვლევა

NDI: რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა საქართველოში ნაკლებ ადამიანს მოსწონს

NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ დღეს, 23 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში მარტთან შედარებით 15%-ით მოიკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც მოსწონს საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობა.

აღნიშნული ურთიერთობა 2013 წლის მარტში მოსწონდა გამოკითხულთა 38%-ს, ივნისში - 25%-ს, სექტემბერში კი - 23%-ს. სექტემბერში გამოკითხულთა 70%-ს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს, იგივე დამოკიდებულება მარტში ჰქონდა კვლევაში მონაწილეების 49%-ს.

NDI-ის მიერ სექტემბერში გამოკითხული მოქალაქეების 36% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. მარტში იგივე მოსაზრება ჰქონდა გამოკითხულთა 42%-ს. რუსეთს საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ მიიჩნევს 33%, რაც მარტთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი. გამოკითხულთა 25% კი რუსეთს საქართველოსთვის საფრთხედ არ აღიქვამს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები