მავთულხლართები

ალასანია: დიცში მიმდინარე მოვლენები სააკაშვილის ხელისუფლების მემკვიდრეობაა

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით,  დიცში მიმდინარე მოვლენები წინა ხელისუფლების პოლიტიკური მემკვიდრეობაა. როგორც ალასანიამ გადაცემა ღია ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების სიმყარეს ცდის. მისივე თქმით, ხელისუფლებას არასდროს ჰქონია იმის ილუზია, რომ რუსეთის ფედერაცია სწრაფად შეიცვლიდა პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ან ქვეყნის ევროპულ არჩევანზე.

"ჩვენი ამოცანა იყო, პრაგმატულობა გამოგვეჩინა და ისეთ საკითხებზე დაგვეწყო საუბარი, როგორიც არის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, რაც გააჩენდა ისეთ სივრცეს, რომელიც არ იქნებოდა პოლარიზებული და არ იქნებოდა სავსე იმ სამხედრო რიტორიკით, როგორიც ეს იყო წლების განმავლობაში. უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ინსტიტუციები, თავდაცვის უწყება, შეიარაღებული ძალები და მეტი სივრცე დავიტოვოთ იმისთვის, რომ ვეურთიერთოთ აფხაზებსა და ოსებს. ეს ყველაფერი, ერთ დღესა და ერთ ღამეში არ გაკეთდება. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი მიდგომა უალტერნატივოა. რაც შეეხება დიცში განვითარებულ მოვლენებს, ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა? ჩვენ გვქონდა ანალოგიური პრობლემები 2 თვის წინ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა მუდმივად იქნება ის, რომ გამოცადოს ქართული ხელისუფლების ნება და სიმყარე. როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტერიტორიის აღდგენას სამხედრო გზით არ ვაპირებთ, ეს არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ჩვენი პოლიტიკაა. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული ურთიერთობებით ჩვენ შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან ისეთი ურთიერთობების დაწყებას, რაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს ამ ყველაფერს", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა სამხედრო რიტორიკით და იმპულსურობით არ პასუხობს დიცში მიმდინარე მოვლენებს.

"ჩავრთეთ საერთაშორისო თანამეგობრობა, ვაძლიერებთ და ვზრდით აშშ-ის, ევროკავშირის ზეწოლას მათზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს. მაგრამ, ჩვენ მეტი მოთმინებით უნდა შევეგებოთ ასეთ ნაბიჯებს. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ამ პრაგმატული ნაბიჯებით, ჩვენი ეკონომიკურ- ინსტიტუციური განვითარებით და ევროპასთან დაახლოების პრაგმატული ნაბიჯებით, ეტაპობრივად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. სააკაშვილის პირობებში მოხდა პირიქით, ტერიტორია არის ოკუპირებული და დღეს დიცში რაც ხდება, არის ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან დავიტოვეთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები