მავთულხლართები

მაია ფანჯიკიძე დიცის მოვლენებზე: ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დიცში განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულ პოლიტიკას უწოდებს. როგორც ფანჯიკიძემ გადაცემა პოზიციაში განაცხადა, ეს პოლიტიკა 2011 წლიდან დაიწყო. 

"მე ვერ გეტყვით, რომ ეს მაინც და მაინც კარასინ-აბაშიძის შეხვედრას უკავშირდება და სწორედ იმიტომ მწვავდება, რომ შეხვედრები ტარდება. ეს არის რაღაც გარკვეული დინამიკა, რომელსაც შეიძლება დავაკვირდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა 2011 წლის შემდეგ და, სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამ დადებითი შედეგებისა, რომელიც აქვს სწორედ ამ ფორმატს, ეს არ შეცვლილა რუსეთის მხრიდან", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მავთულხლართების პოლიტიკა დაიწყო 2011 წელს, როდესაც კარასინ-აბაშიძის ფორმატი საერთოდ არ არსებობდა.

"ამაში ახალი არაფერია. გარკვეული პერიოდები არის, როდესაც სიტუაცია მწვავდება, თუმცა არის პერიოდები, როდესაც სიტუაცია შედარებით წყნარდება. 2011 წელს დაიწყო, გრძელდებოდა სხვადასხვა ინტენსივობით და ამ ბოლო პერიოდში, შეიძლება იმიტომაც, რომ ჩვენ დიდი ყურადღება გავამახვილეთ ამაზე, უფრო მოექცა ყურადღების ცენტრში. თუმცა, რასაკვირველია, ყოველი ასეთი განახლების შემდეგ, ზოლი, რომელზეც მავთულხლართებია გაბმული, ან ის თხრილები, რომლებიც კეთდება აფხაზეთის ე.წ საოკუპაციო ზოლთან, უფრო დიდდება და ეს არის ჩვენი შეშფოთების მიზეზი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები