საქართველოს მოქალაქეობა

მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტ

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას თქვა, სადაც ეთნიკურ ქართველებს შეხვდა და მათთვის მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა.

"მე წამოვედი თურქეთში და აქ დამხვდა საქართველო. თქვენ ხართ საქართველო. ასე მოხდა, რომ ბედის უკუღმართობის გამო ჩვენმა დამპყრობელმა რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, გაასახლა იმისთვის, რომ საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა. ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, რომ ქართველებად ვრჩებით სამუდამოდ. ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველანი გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას. თურქეთის მოქალაქე იმ ქართველებს, რომლებმაც იციან ქართული, შეინარჩუნეს და უყვარს ქართველობა, თავს გრძნობენ საქართველოს პატრიოტად და უნდათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორს ურთიერთობა გაძლიერდეს, ჩვენ მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას, რადგან თქვენ ყველანი ხართ ქართველები", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკურ ქართველებს და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები უფრო მეტად ქართველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ.

"ჩვენმა სახელმწიფო უწყებამ პრეტენზიები გამოთქვა, რომ პრეზიდენტი არ გვიჯერებს - ჩვენ უარს ვეუბნებით და ის საქართველოს მოქალაქეობას მაინც აძლევსო. არა მხოლოდ ამ მთავრობამ, ჩემი მთავრობის დროსაც ამ კაცს კონტრდაზვერვის ინიციატივით უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ახლა კიდევ 2-ჯერ უთხრეს უარი. საკუთარ თვალებს და ამის საქმეებს დავუჯერო, თუ კონტრდაზვერვას და წულუკიანს? ეს არის ცოცხალი ადამიანი, ხოლო რასაც საქართველოს ხელისუფლებაში ქადაგებენ - ტყუილი და სიცრუე. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები უფრო მეტად ქართველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამბობენ, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ, რომ რუსებს უნდა დავუწვეთ, ჩექმები ვულოკოთ და უნდა დავყოთ საქართველო მხარეებად", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თურქეთში მცხოვრებ 936 ეთნიკურ ქართველს საქართველოს მოქალაქეობა გასულ კვირაში მიენიჭა.

კომენტარები