საქართველოს მოქალაქეობა

წელს მოქალაქეობა იმ რუსებს მიენიჭათ, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან – სააგენტო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, 2022 წელს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით რუსეთის 3 265 მოქალაქის განაცხადი მიიღეს. უწყების მტკიცებით, მათგან პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა მხოლოდ იმ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან, აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ.

"საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი  წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 8 382 პირს მიენიჭა, აქედან  72% - 6 075 პირი რუსეთის მოქალაქეა.

IDFI-ის ცნობით, ამავე წლებში, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო უკრაინის 428 მოქალაქემ, სომხეთის 404-მა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების 330-მა მოქალაქემ.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო  უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს.

კომენტარები