საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პირობები მარტივდება – პარლამენტმა კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში  ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქობის მიღების პროცედურა გამარტივდა. ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცვლილებები 5 ივნისს დააანონსა. უწყების განცხადებით, ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას".

ცვლილება შეეხო მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილ საქართველოში ცხოვრების ცენზს, რომელიც 10-დან  5 წლამდე შემცირდა.

ასევე, 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადაც. 

ძალაში დარჩა საქართველოს მოქალაქეობის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს - არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს.

გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ახალი კანონით, პირს უფლება ეძლევა გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტის შედეგები ძალაში 1 წლის განმავლობაში დარჩება. 

კომენტარები