მავთულხლართები

შსს-მ შესაძლოა სოფელ დიცთან პატრულირება გააძლიეროს

RFE/RL

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან პატრულირება  გააძლიეროს. ქემოკლიძე დღეს დიცში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას შეგნებულად არ აუკრძალავს მავთულხლართებიან ტერიტორიაზე გადასვლას.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება დაცვას, აქ შესაძლებელია გაძლიერდეს პატრულირება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უფრო აქტიური შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და, შესაბამისად, უსაფრთხოების განცდა უფრო მაღალ დონეზე იყოს", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, არც ერთ დე-ფაქტო თუ დე-იურე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფა სახელმწიფო სტრუქტურების შეურაცხყოფაა.

ქემოკლიძე ასევე აცხადებს, რომ რუსი სამხედროები სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოებს კვლავ გააგრძელებენ, თუმცა, სოფლის განაპირას არსებული სასაფლაო ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ მოექცევა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ოსურ მხარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რა ბედი ელის ქართველების იმ სამ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე მდებარეობს.

დიცის ტერიტორიაზე დღეს დილით რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს.

კომენტარები