თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: კანონმა უნდა განსაზღვროს ზოგადად სტუდენტური ორგანიზაციების არსებობა

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობა კონკრეტული პროგრამის წარდგენის გარეშე ფინანსებს ვერ მიიღებს. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული თემაც იქნება ჩადებული. პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას, მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

"თვითმმართველობასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ის მწირი რესურსები, რაც უნივერსიტეტს აქვს გამოყოფილი, იქნება ნებისმიერი სტუდენტური პროექტისთვის. თუ თვითმმართველობა კარგ სტუდენტურ პროექტს შეარჩევს, თვითმმართველობა დაფინანსებას მიიღებს. ხოლო თუ სტუდენტთა სხვა ჯგუფი პროექტს შეარჩევს, ის მიიღებს დაფინანსებას. ფინანსური თვალსაზრისით, აპრიორი პრიორიტეტები არავის მიეცემა", - განაცხადა ლადო პაპავამ. მისივე თქმით, კანონმა, ზოგადად, უნდა განსაზღვროს სტუდენტური ორგანიზაციების არსებობა და მათი როლი უნივერსტეტში და არა რომელიმე ერთი ორგანო, თუნდაც მას ერქვას სტუდენტური თვითმმართველობა.

დღევანდელ შეხვედრაზე, ლადო პაპავა სტუდენტებს ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის დაფიქსირების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას დაჰპირდა. მისივე თქმით, იგი მზად არის, ხელი შეუწყოს ფაკულტეტების ავტონომიურობის გაზრდას. თსუ-ს რექტორის განცხადებით, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო მასალის არსებობა და ბიბლიოთეკების მოწესრიგება.

ცნობისთვის, დღეს სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა თბილისის სახელმო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა და რექტორთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი სწავლის ხარისხის გაუმჯობებესებას და ადმინისტრაციული პრობლემების მოწესრიგებას მოითხოვდნენ.

კომენტარები