ოკუპირებული ტერიტორიები

ნიკოლოზ ვაშაკიძე: პუტინის დადგენილება კარასინი-აბაშიძის შეხვედრას უკავშირდება

ambebi.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, ვლადიმირ პუტინის დადგენილება ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, კარასინი-აბაშიძის დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდება. როგორც ვაშაკიძემ ტაბულას განუცხადა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელწიფოებად აღიარა, შესაბამისად, რუსეთის მხრიდან მათთან ე.წ საზღვრის დაწესება პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.

"რატომ გააკეთეს ეს ზუსტად ახლა? იმიტომ, რომ 20-ში არის კარასინი-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი და ასეთ ცინიკურ ნაბიჯებს ყოველი შეხვედრის წინ დგამენ. მაგალითად, წინა შეხვედრისას მათ გააატარეს მავთულხლართები და გადმოწიეს საოკუპაციო ზოლი. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში ზედმეტი ილუზია არ ჰქონდეს არავის, თითქოს რუსეთთან დიალოგი რამე სიკეთეს მოგვიტანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით" - აცხადებს ვაშაკიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ - ეფექტიანი არ არის.
"ამ პოლიტიკის ხელშესახებ შედეგს ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთის მხრიდან გაგრძელდა დესტრუქციული ნაბიჯები, რაც საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არის მომართული და რაც აზარალებს და აკნინებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას" - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ რუსეთისთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნა არის აუცილებელი მინიმალური ფორმალობა, რომელიც სახელმწიფომ გააკეთოს.

"მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ამ ნოტას რამე სერიოზული შედეგი მოჰყვება. ამის იმედიც არ უნდა გვქონდეს. რაც შეეხება საერთაშორისო არენას, იქ საგრძნობლად შეამცირა აქტიურობა საქართველომ, რაც რუსეთთან რიტორიკის შერბილების კონტექსტში ხდება. ეს არის პრინციპულად არასწორი და ზიანის მომტანი პოლიტიკა, რასაც ფაქტებიც ადასტურებენ" - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ცნობისთვის, მოსკოვი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ოფიციალური საზღვრის დაკანონებას აპირებს. ვლადიმირ პუტინმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება უკვე გასცა. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის გაფორმებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის დაწესებას და კონტროლის გაძლიერებას შეძლებს. თბილისში პუტინის განკარგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებენ. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ამ განკარგულებას იურიდიული ძალა არ აქვს და პანიკის ატეხვის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, განსახილველი საკითხების გარდა, ის შეეხება რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თემას და შეშფოთებას გამოთქვამს.

 

კომენტარები