ოკუპირებული ტერიტორიები

აკაკი მინაშვილი: რუსეთთან დაყვავების პოლიტიკას ნეგატიური შედეგები მოაქვს

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ "რუსეთის მიმართ განხორციელებულმა დაყვავების პოლიტიკამ" ნეგატიური შედეგები გამოიღო. როგორც მინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ფედერაციის ქმედებები და კერძოდ, ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ე.წ. საზღვრის დაკანონების შესახებ დოკუმენტის შედგენა აგრესიის გაგრძელებაა.

"რუსეთის მიმართ ე.წ. დათბობის და დაყვავების პოლიტიკას, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, ძალიან ნეგატიური შედეგები მოაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ სიყვარულის მიუხედავად, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა რუსეთის მიმართ გამოხატავს, რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიას და ოკუპაციას საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის სირაქლემას პოზიცია, როდესაც ძალიან ინტენსიურად გრძელდება აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამ დროს კი, ბატონი აბაშიძე გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ჩვენ უნდა ვისაუბროთ კულტურულ და სხვა ტიპის ურთიერთობებზე, მაშინ როდესაც ადამიანების და სახელმწიფოს ბედი წყდება ამ პერიოდში,"- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, განსახილველი საკითხების გარდა, ის შეეხება რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თემას და შეშფოთებას გამოთქვამს.

ცნობისთვის, მოსკოვი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ოფიციალური საზღვრის დაკანონებას აპირებს. ვლადიმირ პუტინმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება უკვე გასცა. მოსკოვში მიჩნევენ, რომ დოკუმენტის გაფორმებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის დაწესებას და კონტროლის გაძლიერებას შეძლებს. თბილისში პუტინის განკარგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებენ. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ამ განკარგულებას იურიდიული ძალა არ აქვს და პანიკის ატეხვის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.

კომენტარები