ბიძინა ივანიშვილის განცხადება

დარჩიაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე: ეს კურიოზების სიაში შეიძლება ჩავწეროთ

primetimenews.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის,ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ რეალურია მომავალ წელს საქართველომ ევროკავშირში გაერთიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა თქვა, რომ აღნიშნული  განცხადება კურიოზულია და ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის წევრობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

 ”ალბათ ,ერთი-ორი სიტყვა გამორჩა წინადადებიდან. ზოგჯერ ახასიათებს ხოლმე სიტყვების გამორჩენა ან სიტყვების შეცვლა. სულ სხვადასხვა რამე არის ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის წევრობა. თავისთავად ის, რომ ასოცირების შეთანხმებაზე  ხელმოწერა მოხდება მოგვიანებით არის კიდევ ერთი მანიშნებელი, რომ ევროკავშირი აკვირდება როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები და რა მოხდება არჩევნების მერე. თუ გაგრძელდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება , ბუნებრივია ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალ ბედზე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. რაც შეეხება ამ განცხადებას, ეს კურიოზების სიაში შეიძლება ჩავწეროთ. ისევ ვიმეორებ ასოცირება სულ სხვა რამეა,ვიდრე წევრობა. ” - აღნიშნავს დარჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება ლატვიისა და ესტონეთის ვიზიტების შეაჯამებისას გააკეთა.

”ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასიამოვნო რაც იყო, ეს მოხდა გუშინ...გავიგეთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია საქართველომ გააგრძელოს იგივე კომისიასთან პარაფირების შემდგომ, ნოემბრის შემდგომ და ხელმოწერაც მივიღოთ უახლოეს დროში ევროკავშირში გაერთიანების.. ჩვენ ვითათბირეთ დღეს, რამდენიმე მინისტრი მახლავს.. ვისაუბრეთ დღეს, ესტონელ კოლეგასაც გავაცანი და ძალიან რეალურია, რომ ჩვენ გაისად აპრილისთვის, ყველაზე გვიან მაისისთვის ხელი მოვაწეროთ ევროკავშირში გაერთიანებისთვის ხელშეკრულებას.” - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები