თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამები შესაძლოა შეჩერდეს. როგორც დედაქალაქის მერმა საკრებულოს სარევიზიო კომისიის ორ რაიონულ გამგეობაში შესვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ვისაც არ ეზარებოდა, თბილისის მერიასა და გამგეობაში ყველა მაკონტროლებელი შევიდა.
"კაცი აღარ დარჩა, ვინც არ დაიკითხა, დოკუმენტი არ დარჩა, რაც არ წაუღიათ. ბადით თევზაობას დაემსგავსა ეს გამოძიება. ამიტომ, ახლა საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც პოლიტიკური ინსტრუმენტია ახალი უმრავლესობის საკრებულოში, შემოვა თუ გავა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ვერც არსებით რამეს მოიტანს და თან, წინასწარვე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არაფერი ვთქვათ მისი კომპეტენციის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება იმ არაკომპეტენტურ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულომ მიიღო. მე ვგულისხმობ ამხანაგობების პროგრამების შეჩერებას. ამით მათ სილა გააწნეს უამრავ თბილისელს, რომელიც კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც პრობლემები აქვს და რომლის პრობლემების ეფექტური მოგვარების საშუალება ეს არის", - აცხადებს თბილისის მერი. მისი თქმით, საკრებულოს არგუმენტი, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები არიან, უსუსურია.
"სიმართლე გითხრათ, ისინი არავის კოორდინატორები არ არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც კორპუსმა აირჩია და, შესაბამისად, ამ პროგრამების განხორციელებისთვის იღებდნენ ძალიან მცირე, დაახლოებით 100-ლარიან ანაზღაურებას. საკრებულომ ჩვენი მოსაზრება არ გაითვალისწინა და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მოგვიწევს - ლიფტების, სახურავების, შიდა კომუნიკაციების, სადარბაზოების კეთილმოწყობის და ა.შ. დაფინანსების შეწყვეტა", - განმარტა უგულავამ. მერის განცხადებით, საკრებულო, ჯერჯერობით, ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების გამო, საბიუჯეტო ცვლილება ნოემბრამდე აკრძალულია. უგულავას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე პირადად საკრებულოს თავმჯდომარეს და იმ 24 დეპუტატს ეკისრებათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
"მათი არგუმენტი, თითქოს მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში იყო ეს, აბსოლუტურად უსუსურია. ბუნებრივია, ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ შეიძლება ბიუჯეტი ჩავარდნილიყო და საერთოდ საბავშვო ბაღების და ყველაფრის პარალიზება მომხდარიყო. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ ცვლილებას დავთანხმებოდით, მაგრამ ასევე გავაფრთხილეთ იმ შედეგებზე, რომელიც დადგებოდა. შედეგი იქნება ძალიან სავალალო და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ თავხედურმა და აღვირახსნილმა არაკომპეტენტურობამ, კიდევ ერთხელ დააზარალა თბილისელების ინტერესი", - დასძინა მერმა.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისისა და ვაკის რაიონის გამგეობებში 5 სექტემბერს შესამოწმებლად შევიდა. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, საკრებულოს სარევიზიო კომისიამ აღნიშნულ გამგეობებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებთან დაკავშირებით 7 თვის მუშაობა უნდა შეისწავლოს.
"ჩვენ ამოვიღეთ სტატისტიკა, თუ როგორი ხარჯვითი ნაწილი იყო აღნიშნულ პროექტებში. ძალიან ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა და ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. ამიტომ, გამოვიყენეთ ჩვენთვის კანონით მინიჭებული უფლება და საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისისა და ვაკის რაიონის გამგეობებში შევიდა.კომისია გამგეობებში ერთთვიანი ვადით არის შესული თუ საჭირო გახდება, შემოწმების ვადა კიდევ ერთი თვით გაიზრდება" - აღნიშნავს ჯინჭარაძე და უარყოფს დედაქალაქის მერის განცხადებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველა პროგრამის შეჩერების შესახებ. მისი განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველა პროგრამა მიმდინარეობს და საკრებულოს მათი მოქმედება არ შეუჩერებია. მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროგრის, რომელიც მწვავე ავარიული სახლების გამაგრებას ითვალისწინებს, დაფინანსების წესში შევიდა ცვლილება. ჯინჭარაძის თქმით, ავარიული სახლების გამაგრება თანადაფინასებით ხდებოდა, სადაც 15% მოსახლეობის გადასახდელი იყო, დანარჩენი კი თბილისის მთავრობის და ეს პროგრამა არ მუშაობდა. ჯინჭარაძის შეფასებით, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ქალაქში შეუძლებელი იყო სახლების გასამაგრებლად ამხანაგობებს 40-45 ათასი ლარი შეეგროვებინა, ამიტომ, წესი შეცვალეს და 2014 წლიდან, ყველა ავარიული სახლი თბილისში ბიუჯეტიდან გამაგრდება.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ფინანსური წახალისება დროებით შეჩერდა. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ნიკო ხაჩირაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ამახანაგობის თავმჯდომარეების მიმართ ერთიანი, უფრო სამართლიანი ფორმულის შემუშავება იგეგმება.
"ჩვენ ვფიქრობთ, უფრო სამართლიანი იქნება, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეების მიმართ ერთი ფორმულა შემუშავდეს. მე მივმართავ გამგებლებს, რომ წარმოადგინონ ინიციატივები, რომელთა გათვალისწინებით თანხის გადანაწილება უფრო სამართლიანად მოხდება. ამხანაგობების ყველა თავმჯდომარეს გაუგრძელდება აღნიშნული წახალისების გადახდა, რადგან, ვფიქრობ, რომ მათ მართლაც რომ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს", - აღნიშნავს ხაჩირაშვილი.





