ვანო მერაბიშვილის საქმე

სამინისტრო: მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

http://www.mcla.gov.ge/

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს. სამინისტროს ცნობითვე, დამატებითი ამბულატორიული გამოკვლევები ბრალდებულს გეგმიურად ჩაუტარდება ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული მოთხოვნის საფუძველზე.

"ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, დღეს, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში სამოქალაქო ჯანდაცვის ექიმ-სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა ი.მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მას ბოლო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წლის ივლისში ჩაუტარდა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადამოწმდა. კონსილიუმში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპევტი და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი, დაწესებულების მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი და აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ ხურციძე, რომელიც ბრალდებულის ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირია. ი.მერაბიშვილს განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევები. შეფასდა მის სამედიცინო ისტორიაში არსებული ანამნეზური და კლინიკური მონაცემები. ექიმებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს. რაც შეეხება რეკომენდებულ, დამატებით ამბულატორიულ გამოკვლევებს, ბრალდებულს ყველა გამოკვლევა გეგმიურად ჩაუტარდება ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული მოთხოვნის საფუძველზე. ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ პაციენტის წერილობითი თანხმობით ვრცელდება" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ექიმი გრიგოლ ხურციძე კი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით შევიდა, ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ხერხემლის პრობლემები, ასევე გულის არითმია აწუხებს. გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა 17 კგ დაიკლო. 

"ვანო მერაბიშვილს ხერხემლის ტკივილი და გულის არითმია უქმნის დისკომფორტს, თუმცა დაწესებულებაში შეიკრიბა კონსილიუმი და ჩვენთვის, ექიმებისთვის ყველაზე პრობლემატური წონაში კლებაა. როგორც თავად მერაბიშვილმა თქვა, იგი 92 კილოგრამს იწონიდა, როდესაც დააპატიმრეს, ახლა კი - 75 კილოგრამია. ამ მხრივ მერაბიშვილს გარკვეული ტესტები უკვე ჩატარებული აქვს, თუმცა საჭიროებს სამოქალაქო სექტორის რომელიმე კლინიკაში დამატებით ტესტებს, რისი საშუალებაც ალბათ მიეცემა", - განაცხადა ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ. მისი თქმით, დამატებითი გამოკვლევის ჩატარება გადაუდებელი არ არის, თუმცა ექიმის რეკომენდაციით, ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხერხდეს.

 

კომენტარები