ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩაუტარებენ

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში კონსილიუმი შეიკრიბა. ჯოენის კლინიკის ექიმის გრიგოლ ხურციძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევები სჭირდება. გრიგოლ ხურციძე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით შევიდა, ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ხერხემლის პრობლემები, ასევე გულის არითმია აწუხებს. გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა 17 კგ დაიკლო. ხურციძესთან ერთად, ბრალდებული მოინახულეს კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა და სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ნათია ლანდიამ.

"ვანო მერაბიშვილს ხერხემლის ტკივილი და გულის არითმია უქმნის დისკომფორტს, თუმცა დაწესებულებაში შეიკრიბა კონსილიუმი და ჩვენთვის, ექიმებისთვის ყველაზე პრობლემატური წონაში კლებაა. როგორც თავად მერაბიშვილმა თქვა, იგი 92 კილოგრამს იწონიდა, როდესაც დააპატიმრეს, ახლა კი - 75 კილოგრამია. ამ მხრივ მერაბიშვილს გარკვეული ტესტები უკვე ჩატარებული აქვს, თუმცა საჭიროებს სამოქალაქო სექტორის რომელიმე კლინიკაში დამატებით ტესტებს, რისი საშუალებაც ალბათ მიეცემა", - განაცხადა ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ. მისი თქმით, დამატებითი გამოკვლევის ჩატარება გადაუდებელი არ არის, თუმცა ექიმის რეკომენდაციით, ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხერხდეს.

სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარის ნათია ლანდიას თქმით, დაიგეგმება და ვანო მერაბიშვილს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საშუალება რამდენიმე დღეში  მიეცემა. ლანდიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ექიმების რეკომენდაციით მერაბიშვილის სტაციონარიზაცია საჭირო არ არის, თუმცა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, თუკი ამის საჭიროება იქნება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სხვა პატიმრების მსგავსად, მერაბიშვილის სტაციონარიზაციასაც უზრუნველყოფს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. 

ვანო მერაბიშვილთან სამოქალაქო სექტორის ექიმები დაახლოებით ორსაათნახევარს იმყოფებოდნენ. ყოფილ პრემიერთან ექიმები მას შემდეგ შეუშვეს, რაც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს  თხოვნით მიმართა. მერაბიშვილის დაცვის მხარე ბრალდებულთან სამოქალაქო სექტორის ექიმების შეშვებას ითხოვდა. სამინისტრომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერაბიშვილის ახლობლებს მხოლოდ ერთი ექიმის შეყვანის საშუალება მისცა. რაც შეეხება უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს შალვა პეტრიაშვილს, მისი შეყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უზრუნველყო.

კომენტარები