რეიდები თბილისში

ნადირაშვილი: რეიდების ჩატარება ღარიბაშვილს თამაზაშვილმა და ტაბატაძემ ურჩიეს

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს რეიდების ჩატარება თამაზ თამაზაშვილმა და ალეკო ტაბატაძემ ურჩიეს. ამის შესახებ მან დღევანდელ სესიაზე ისაუბრა.

"იმის ნაცვლად, რომ კრიმინოგენურ ვითარებასთან საბრძოლველად რეალური ნაბიჯები იყოს გადადგმული, შს მინისტრს ურჩიეს რეიდების აღდგენა თბილისში. ეს იყო შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა. მე შემიძლია მრჩეველებიც დავასახელო, ეს იყო შს მინისტრის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც პრაქტიკულად მართავს შს სამინისტროს და შევარდნაძის დროინდელი პოლიციელი, ღარიბაშვილის მოადგილე ალეკო ტაბატაძე. მათ არ იციან კრიმინალთან ბრძოლის სხვა გზა. ” - ამბობს ნადირაშვილი.

ნადირაშვილის თქმით, რეიდები მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი წუხილის საფუძველია, რადგან კრიმინალები რეიდებში არ ხვდებიან და მსხვერპლი ჩვეულებრივი მოქალაქეა. ნადირაშვილი დასძენს, რომ ასეთი ტიპის ბრძოლა შედეგს არ მოიტანს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეიდების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

"გავოცდი იმითაც, რომ პრემიერმა ეს ჟურნალისტებისგან შეიტყო. პრემიერ-მინისტრი ბოლო ორი თვეა არავის გვინახავს. ის ურეკში ცხოვრობს ბოლო ორი თვეა და იქ ალბათ, ისეთი გარემოა, ამაზე არავინ წუხს. მოვუწოდებ მთავრობას, მოვუწოდებ შს მინისტრს, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და დაიცვას მართლა ქმედითად. დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თუ არ იქნება, ისე იქნება როგორც იქნება. მე არ მინდა, რომ ისე იყოს, როგორც უნდა იყოს. მე მინდა, რომ მთავრობამ იგრძნოს, რომ მთავრობაა. შს მინისტრმა იგრძნოს, რომ შს მინისტრია და აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან გაგებით რომ მოეკიდო ამ ყველაფერს ძალიან ძნელია", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

დღეს ექსპოჯორჯიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილს თბილისში გახშირებულ რეიდებთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ვერ დაიჯერა.

კომენტარები