რეიდები თბილისში

საია შს სამინისტროსგან რეიდების ჩატარების მიზეზის განმარტებას ითხოვს

timer.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თბილისის ქუჩებში რეიდების ჩატარების მიზეზის განმარტებას ითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის, თქმით, არსებობს პოლიციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიციელები უნდა ხელმძღვანელობდნენ.

კოჟორიძის თქმით, კანონში წერია, რომ რეიდების მოწყობის შესაძლებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, ასევე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით არსებობს.

”დამნაშავე არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულს ჩამდენი, სამართალდამრღვევშიი იგულისხმება პირი, ვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში შეიძლება რეიდების მოწყობა," – აღნიშნავს კოჟორიძე. 

კახა კოჟორიძე ასევე ამბობს, რომ რეიდების ჩატარებისას პოლიციას გონივრული ეჭვი უნდა ჰქონდეს.

"კანონში მითითებულია, რომ ამ ყველაფერს უნდა ახლდეს პოლიციელის მხრიდან გონივრული ეჭვი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, როდესაც ეწყობა რეიდი, თუ პირის შეჩერება. რა არის ეს გონივრული ეჭვი, პოლიციის შესახებ კანონში განმარტებული არ არის, თუმცა ეს განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. გონივრული ეჭვი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს, ანუ რაღაც გარემოებები უნდა არსებობდეს, რომელიც იცის პოლიციამ და, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პირმა ჩაიდინა ან უნდა ჩაიდინოს დანაშაული, " – ამბობს კოჟორიძე.

საიას თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა განმარტოს რეიდების ჩატარებას რა გონივრული ეჭვი და საფუძველი ჰქონდა.

"პოლიციას არ განუმარტავს ამის შესახებ. საინტერესო იქნება ამის განმარტება. რადგან ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რეიდების შესახებ. კარგი იქნება, თუ პოლიცია განმარტავს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო რეიდის ჩატარების საფუძველი, რა გონივრული ეჭვი ჰქონდა პოლიციას. ასევე კარგი იქნება, თუ მოხდება ამის განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან," – აღნიშნავს კოჟორიძე.

კომენტარები