რეიდები თბილისში

შს სამინისტრო - გუშინ მოძრაობის შეფერხება ერთი პირის დაკავებამ გამოიწვია

RFE/RL

გუშინ ღამით ვაკე-საბურთალოს ავტომაგისტრალზე  მოძრაობის დროებით შეფერხება ერთი პირის დაკავებამ გამოიწვია, - ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა წუხელ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რამაც, აღნიშნულ ავტომაგისტრალზე, დროებით მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

როგორც ცნობილია, დღეს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შს სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო.

მისი თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო ეკიპაჟების წევრები ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. მისივე განცხადებით, ეს ვითარება გაგრძელდა დილამდე, რამაც მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია.

კომენტარები