რეიდები თბილისში

გივი თარგამაძე - შს სამინისტრომ მასობრივი რეიდები და ჩხრეკა დაიწყო

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

შს სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო ეკიპაჟების წევრები ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ.

"ამას ღამის საათებში მოჰყვა ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით ყველასათვის უკვე კარგად დავიწყებული მასობრივი რეიდები, პიკეტის მოწყობის ჩათვლით. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა და პოლიციის ოპერატიულმა მუშაკებმა მოულოდნელად, ყოველგვარი საფუძვლისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაიწყეს მოქალაქეთა მასობრივად გაჩერება და გულმოდგინედ ჩხრეკა", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ვითარება გაგრძელდა დილამდე, რამაც მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია.

"სამწუხაროდ, შს სამინისტროს მესვეურებმა არ ისურვეს შეშფოთებული მოქალაქეებისთვის სიტუაციის თუნდაც ელემენტარულ დონეზე განმარტება, რამაც შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო დაამძიმა და ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენები ადასტურებს იმას, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება დამძმებულია და დანაშაულთან დაკავშირებით შს სამინისტროს გამოქვეყნებული უკანასკნელი სტატისტიკა მცდარია.

"რეიდები, სტაციონარული პიკეტები, კრიმინალებთან ბრძოლის სრულიად არაეფექტური მეთოდია და გვაბრუნებს შევარდნაძისა და კახა თარგამაძის დროში. საბოლოოდ, აზარალებს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, უქმნის მათ თავისუფლად გადაადგილების პრობლემას, ატარებს მათი პიროვნული შეურაცხყოფის მაღალ საფრთხეს, ძირს უთხრის მოქალაქეთა თვალში პოლიციელთა რეპუტაციას, წარმოშობს კორუფციას. ჩვენს მოქალაქეებს ამის დიდი და მძიმე გამოცდილება აქვთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ვიდეომასალებიც, სადაც გადაღებულია გუშინ ღამე ქუჩაში თუ როგორ აჩერებენ პოლიციელები მანქანებს.

კომენტარები