სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, საქართველოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0.6 % შეადგინა. ხოლო 2013 წლის პირველი შვიდი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ - 1.7%.
საქსტატი 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ავრცელებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებს, “რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას,რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.” - აცხადებს საქსტატი.
საქსტატი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ყოველთვიურად წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება მოხდეს. ეს კი,რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.





