რელიგიური შეუწყნარებლობა

ახალციხეში აქციის მონაწილეებს მეუფეები თეოდორე და იაკობი შეხვდნენ

http://sknews.ge/

ახალციხეში მართლმადიდებელთა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურის მიერ დემონტირებული მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ, ქორეპისკოპოსები თეოდორე და იაკობი შეხვდნენ.

,,უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერისთვის იქნება მომგებიანი, თქვენ აჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სიყვარული, სამშობლოს დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მშვიდად ვიცხოვროთ ერთმანეთთან. საქართველო ოდითგან არის ტოლერანტული ქვეყანა, მაგრამ ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ყველასათვის თავზე ხელის გადამსმელი და ჩვენ ვიყოთ დაჩაგრულები, ეს ასე არ იქნება", - განაცხადა, ახალციხის ტელეკომპანია მე-9 არხის ცნობით, მეუფე თეოდორე ჭუაძემ.

„რაც შეეხება მინარეთის ამბებს, სახელმწიფო კანონიერად მოიქცა, მართალია შეურაცხყოფილები დარჩნენ მუსულმანები, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბეთ იმის შესახებ, რომ შეიქმნას საბჭო, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ასეთი ქმედებები. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი გულანთებულობა მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ კანონი არ დავიცვათ. ქვეყანაში ყველას აქვს უფლება და ყველამ უნდა დაიცვას უმცირესობისა და უმრავლესობის უფლებები. ჩვენ უკანონობით არ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას, ჩვენს ქვეყანაში უკანონობა აღარ უნდა იყოს"– განაცხადა მეუფე თეოდორემ.

"მე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მინარეთი ამ ადგილას აღარ დაბრუნდება. უბრალოდ, ის უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს. ეს არის კანონიერი და კანონის ფარგლებში უნდა მოვექცეთ", - განუცხადა შეკრლებილებს, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ქოპეპისკოპოსმა იაკობმა.  

იაკობმა და თეოდორემ  აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დაიშალონ, გადაინაცვლონ ამაღლების სახელობის ტაძარში და წირვა–ლოცვა აღავლინონ. თუმცა, შეკრებილთა ნაწილმა დაშლაზე უარი თქვა. რეგიონული დამოუკიდებელი გამოცემის, სამხრეთის კარიბჭის ცნობით, დემონსტრანტებს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზიც ესაუბრა. "ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან, სულისგან და სხეულისგან. თუ სულით მე მემორჩილებით, ხმა კი პრემიერს მიეცით და მას გამოუცხადეთ ნდობა, მაშინ ახლა თქვენ უნდა დაგვემორჩილოთ მე და პრემიერს. გაიგეთ, რომ მინარეთი არის კერძო საკუთრება და ის უნდა დაბრუნდეს სოფელში, თუ ეს ასე არ მოხდება, იქნება კანონდარღვევა", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა. 

მანამდე შეკრებილებს საპატრიარქოს განცხადება გააცნეს, რომლის თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიასა და მუსლიმთა სამუფთოს შორის შეთანხმება შედგა, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში დასაწყობდება და მისი აღდგენა საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არ მოხდება. მაგრამ, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაშლას მაინც არ აპირებენ და არ დაუშვებენ მინარეთის ჭელაში დასაწყობებას.

ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გოდერძი კუბლაშვილის თქმით, იგი მოითხოვს, მინარეთი ახალციხის საფინანსო სამსახურის ტერმინალში დასაწყობდეს.

„გარდა ამისა, არსებობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უნდა მოხდეს მინარეთის დემონტაჟი, მაშინ შეცვალოს საკრებულომ გადაწყვეტილება, თუ არადა გაიმართოს სასამართლო პროცესი", - ამბობს კუბლაშვილი.

აქციის მონაწილეები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, მეუფე თეოდორე ჭუაძეს ელოდებიან. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ მართლმადიდებელ მრევლს მობილიზებისკენ მოუწოდა: "ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, მეუფე გზაშია, მას მოყვებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათი ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ და როგორ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მინარეთი დასაწყობდეს ახალციხეში და არ წავიდეს ჭელაში. თუ ამას არ გადაწყვეტენ, გზაზე დავწვებით და გადაგვიარონ".

26 აგვისტოს სოფელ ჭელაში ადგილობრივი მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოხდა. ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა, დააკავეს 20-ზე მეტი ადგილობრივო მცხოვრები, რომლებიც მინარეთის დაშლისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, რამდენიმე მათგანი დაშავდა. მინარეთის დემონტაჟის ოფიციალურ მიზეზად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მისი განბაჟების პროცედურების სისწორის შესამოწმებლად ექსპერტიზის ჩატარება დაასახელა.

კომენტარები