ადუაშვილის მკვლელობის საქმე

ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლოში ვიდეოგადაღება შეიზღუდება

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღება სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

სასამართლოს ინფორმაციით, 2013 წლის 25 აგვისტოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებულ პირველ სასამართლო სხდომაზე თავმჯდომარემ, საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის თანახმად, პროცესის მონაწილეები, სხდომაზე დამსწრე პირები სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე გააფრთხილა.

სასამართლომ ასევე გააფრთხილა მასმედიის საშუალებებიც. სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-13-ე პრიმა მუხლის მე-6-ე ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები, თუ არ მოხდებოდა ნაფიცი მსაჯულების ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება.

"2013 წლის 27 აგვისტოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2 -ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გასულ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე სასამართლო პროცესს ნაჩვენები იქნენ ნაფიცი მსაჯულები. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ჩანაწერის გადაცემას მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 13 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდოს კინო-ვიდეო გადაღება",- წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

23 ნოემბერს 43 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი საკუთარ ავტომანქანაში, "მერსედესის" მარკის ML-ის ჯიპის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ ბიზნესმენს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან ერთი, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაა. ბიზნესმენი ავჭალის დასახლებაში რამდენიმე ობიექტს ფლობდა, მათ შორის რესტორანსა და მაღაზიებს. 

კომენტარები