ადუაშვილის მკვლელობის საქმე

სასამართლომ ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ტარდება.  როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არის პირველი სხდომა, რომელზეც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პირველი შესავალი სიტყვით ბრალდების მხარე გამოვა, რის შემდეგაც დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება და დაიკითხებიან დაზარალებული მხარის წარმომადგენლები. 

ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის 7 პირია დაკავებული. მათგან დღევანდელ სხდომაზე განიხილება ბრალდებულების, ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას საქმე.

"ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა, რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. 

პროცესი 10:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა სასამართლოში ბრალდებულების დაგვიანებით მიყვანის გამო, ორსაათნახევრის დაგვიანებით დაიწყო.

23 ნოემბერს 43 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი საკუთარ ავტომანქანაში, "მერსედესის" მარკის ML-ის ჯიპის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ ბიზნესმენს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან ერთი, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაა. ბიზნესმენი ავჭალის დასახლებაში რამდენიმე ობიექტს ფლობდა, მათ შორის რესტორანსა და მაღაზიებს. 

კომენტარები