რელიგიური შეუწყნარებლობა

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზს განმარტავს

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზს განმარტავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, რადგან კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა დეკლარირებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდეს.

 ტაბულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს: ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოს შემოიტანა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული სეს ესნ. კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა ინდ/მეწ. „ჯამბულ აბულაძე“-ს (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/C-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება.

21 აგვისტოს, შემმოწმებელთა ჯგუფი მივლინებულ იქნა ინდ/მეწ. ,,ჯამბულ აბულაძე’’-ს იურიდიულ მისამართზე, რათა განეხორციელებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები. შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი N39828 ბრძანება - საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს. აღნიშნული ბრძანება ასევე გაგზავნილი იქნა საქართველოს ფოსტით და ატვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე.

ვინაიდან მინარეთის  კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს ტაბულასთან საუბარში ადიგენის რაიონის გამგებელმა განაცხადა, რომ მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება მათ მიიღეს, თუმცა დრო ჰქონდათ მიცემული მუსლიმებისთვის და ამ პერიოდში საბაჟო სამსახურმა მოხსნა.

”მინარეთი იყო მიდგმული უკანონოდ. ჩვენ გამოვიტანეთ გადაწყვეტილება დემონტაჟზე და ბრძანებაც გამოვეცით დემონტაჟისა და დროც მივეცით, მაგრამ დღეს დემონტაჟი განახორციელა საბაჟომ. იმიტომ, რომ საბაჟოზე შემოსული იყო დარღვევით, მიმდინარეობს ამის პროცედურები. დემონტაჟი მოახდინა საბაჟომ, უზრუნველყო წესრიგი პოლიციამ და წაიღო საბაჟომ. უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა.” - აცხადებს სიმონ პარუნაშვილი.

კომენტარები