საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მორწმუნე იღუმენ იოანე ჩაჩიბაიას აღსარების გათქმაში ადანაშაულებს

მარიამ გერგაძე
ტელეკომპანია ”ობიექტივი”

ტელეკომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში, მართლმადიდებელმა მორწმუნემ მარიამ გერგაძემ, იღუმენი იოანე ჩაჩიბაია აღსარების საიდუმლოს გათქმაში დაადანაშაულა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძისგან რეაგირება მოითხოვა. გერგაძემ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, მამა მიქაელ ბოტკოველსა და შორენა თეთრუაშვილს მიმართა და სთხოვა, პატრიარქი საქმის კურსში ჩააყენონ. გერგაძე ამტკიცებს, რომ მას ტაძრის მესანთლემ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

"მე ეკლესიაში გავიზარდე და კანონები კარგად ვიცი, ჯერ უნდა ამხილო ადამიანი ერთ-ერთზე, მერე ორი ადამიანის თანდასწრებით და შემდეგ კრებულის თანდასწრებით. საერთოდ არ მინდოდა საეკლესიო პრობლემების გასაჯაროება, ეს დანაშაული ჩაიდინა თეიმურაზ გალაკტიონის ძე ჩაჩიბაიამ (იღუმენი იოანე ჩაჩიბაია) 2006 წელში, 7 წელი ხდება, მან იცოდა, რომ მე ვიცოდი და ისევ იმ მარჯვენაზე ვემთხვეოდი, იმისთვის რომ ხალხი არ დაბრკოლებულიყო და მოგვარებულიყო პრობლემა, მაგრამ ის დღემდე ავრცელებს ცილისწამებას ჩემზე", - განაცხადა გერგაძემ.

გერგაძე ამბობს, რომ ის ჩაჩიბაიას მდგომარეობაში შევიდა, თუმცა მღვდელი დღემდე ავრცელებს მასზე ცილისწამებას. მართლმადიდებელმა მორწმუნემ 2 წლის წინ პატრიარქსაც მიმართა წერილით, იმისთვის რომ მშვიდობიანად მოეგვარებინა მოძღვარსა და სულიერ შვილს არსებული პრობლემა. მორწმუნე აცხადებს, რომ მას არ სურდა "ეკლესიის მტრების წისქვილზე წყალი დასხმულიყო".

"მეუფე თეოდორემ აიღო ეს საქმე მოსაგვარებლად, პატრიარქს ჰგონია, რომ მოგვარდა, მაგრამ არც იცის, რომ არ მოგვარებულა. ამიტომ მე მივმართავ პატრიარქს, რადგან ქუჩაში ვერ გადავუდგები - მივმართავ მამა მიქაელ ბოტკოველს, მივმართავ ქალბატონ შორენას, რომ ჩააყენონ პატრიარქი საქმის კურსში, წერილი გადასცა პატრიარქს მამა შალვა კეკელიამ და იონა გაგუამ კანცელარიაში, ორი ეგზემპლარი, პატრიარქმა დააწერა მეუფე თეოდორეს მოსაგვარებლად, რომელზეც დღემდე მისი მდივანი პასუხობს, რომ არ არის ამ კვირაში და არც იმ კვირაში არ იქნება. ორი წლის განმავლობაში ასე პერმანენტულად და, მე ამ წერილზე პასუხის ნაცვლად მივიღე ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაჩიბაიას ერთგული ექსტრემისტი მორწმუნისგან", - აცხადებს გერგაძე.

იღუმენი იოანე ჩაჩიბაია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან და მსგავს რელიგიურ ჯგუფებთან არის დაახლოებული, ის წლების მანძილზე მსახურებდა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.

კომენტარები