ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა: ეკონომიკის მინისტრი გაიბუტა

Geonews.ge

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის გაუქმების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაბუტვას უწოდებს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, შეთავაზება 10 დღის წინ იყო გაკეთებული, რაზეც ენმ-მ დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ ოპოზიციურ პარტიაში არ ფიქრობდნენ, რომ ამ თემაზე აღარ უნდა ესაუბრათ და გაჩუმებულიყვნენ.

"იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო დასკვნაზე ვისაუბროთ, მინისტრი გაიბუტა, გაიხსენა ძველი საქმეები. რა დროს ქართუ ბანკთან დაკავშირებული პრობლემებია, როდესაც ათიათასობით და ასიათასობით ქართველის პრობლემაზეა საუბარი. როგორც ჩანს, კვირიკაშვილსა და ხადურს არ ახსოვთ, რომ ჩვენ 2003 წელს ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც პენსია 14 ლარი იყო, როდესაც ხელფასები თვეობით არ რიგდებოდა და ქვეყნას ჰქონდა ბიუჯეტი, რომელიც არასოდეს არ ივსებოდა. მათ ჩაიბარეს 9-მილიარდიანი ბიუჯეტი, რას ჩააბარებენ შემდეგ მთავრობას, მაგასაც ვნახავთ. ტყუილია, როდესაც საუბრობენ რაღაც ვალებზე. ეს არის საშინელი ტყუილი და ძალიან მიკვირს, ისეთი კვალიფიკაციის ეკონომისტი, როგორიც კვირიკაშვილია, ასეთ ტყუილს ამბობს. დაბალი კვალიფიკაციის ეკონომისტიც კი ვერ ილაპარაკებს საქართველოს საგარეო ვალებზე ასე. სამწუხაროა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკურ პიარს აჰყვა და მთავრობის კანცელარიაში დაწერილი მესიჯებით უპასუხა უმცირესობის ლიდერის შეთავაზებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი შინაარსის კომენტარი ენმ-ს კიდევ ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, ინტერპრესნიუსთან საუბარში გააკეთა:

"ის, რა განცხადებაც კვირიკაშვილმა გააკეთა, მაფიქრებინებს ერთადერთ რამეს, რომ მთავრობა საბაბს ეძებდა, რომ არ შეხვედროდა დავით ბაქრაძეს. მე არ მესმის, რამდენად სწორია, რომ მინისტრები იბუტებოდნენ იმის გამო, რომ მათ მიმართ არის სამართლიანი კრიტიკა. ეს შეხვედრა არ გვინდოდა ჩვენთვის, ეს შეხვედრა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით რეალური ნაბიჯი გადაგვედგა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრს ერთადერთი თემა აინტერესებს და ისევ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და ქართუ ბანკის გაკოტრებაზე საუბრობს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები