თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ გაბედავას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

primetimenews.ge

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავას სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბედავა გუშინ, 13 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. პოლიციამ იგი გუშინვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. წვრილმანი ხულიგნობისთვის გაბედავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული პროცესი კი დღეს, 14 აგვისტოს გაიმართა.  

"დამეკისრა 100-ლარიანი ჯარიმა და ვეთანხმები იმიტომ, რომ მართლა ვიგინებოდი. მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს ამ ფაქტისთვის, რომ თავი ვერ შევიკავე. სამწუხარო ფაქტი არის ის რომ მხოლოდ მე დამაკავეს და ონიანი თავისუფალი არის. ეს მეტყველებს მთავრობის უნიათობაზე. ხელს ვერ კიდებენ ზონდერებს, კაცის მკვლელებს და ადამიანებს, რომლებიც წამალს უდებდნენ წლების განმავლობაში ხალხს. მე პირადად მახსოვს ონიანი როგორ არბევდა აქციებს, მაგრამ დღემდე ის თავისუფალია და უფლებადამცველის სტატუსითაც კი სარგებლობს სამწუხაროდ", - განაცხადა გაბედავამ სასამართლოს დასრულების შემდეგ.

საგულისხმოა ისიც, რომ  დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის დაკითხვის პროცესიც. იგი პოლიციაში გიორგი გაბედავას საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. ონიანის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე.

"გაბედავას საჩივრის საფუძველზე პოლიციამ ჩვენგან მიიღო რეალური ინფორმაცია იმ დანაშაულზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გაბედავა და მისი მეგობრები. პოლიციას უკვე გააჩნია სრული ინფორმაცია და ჩემი დაკითხვის შემდეგ პოლიციას მოუწევს იმსჯელოს ამ დანაშაულებების ირგვლივ", - განაცხადა გოგა ონიანმა და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოში ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის დანაშაული გამოიკვეთა გიორგი გაბედავას, ნანა კაკაბაძის და სხვა პირების მხრიდან.

კომენტარები