მიღება აშშ-ის სამხედრო გემზე

სააკაშვილი ივანიშვილს: იმედი მაქვს, რომ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე სიტყვით გამოსვლისას. ხომალდზე პრეზიდენტი და პრემიერი მიღებას ერთად დაესწრნენ.

პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა და ყურადღება ორ ასპექტზე გაამახვილა. რუსული მხარის მიერ მავთულხლართების გადმოწევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება საქართველო ამ ფაქტს სიმშვიდით ხვდებოდეს.

"მე ვიყავი წარმოუდგენლად ლამაზ კუთხეში, სადაც ბოლო წლებში ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ძალიან ბევრ რუსულ რუკაზე, განმუხური ეს საოცარი ადგილი მონიშნულია როგორც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორია და მინდა ყველას ვუთხრა, რომ თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ მავთულხლართებს და მოიქცევენ შიგნით ამ აყვავებულ განმუხურს, მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, მშვიდად ვერ შევხედავ და ვერ შევხედავ მშვიდად ვერავის, ვინც ამას მშვიდად შეხედავს. რა თქმა უნდა, მე არავის არ მოვუწოდებ ომისკენ, მით უმეტეს, რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ყველამ ერთად ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, რომ მავთულხლართები მეტად აღარ ებმებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კარგია, რომ პრემიერმა რუსეთი აგრესორად მოიხსენია, რადგან "ეს სწორი თეზისია", თუმცა გააკრიტიკა პრემიერის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარესაც დააკისრა.

"მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხართ ბატონო ბიძინა - იმედია, რომ თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ამას ამბობს, მას ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთან გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. ასევე აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი BULKELEY ბათუმში გუშინ შემოვიდა. ხომალდზე მიმდინარეობს წვრთნები ქართული სამხედროებისთვის.

კომენტარები