ვილნიუსის სამიტი

კარლ ბილდტი: შერჩევითი სამართალი საქართველოში პრობლემურია

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრის ერთ-ერთი   მთავარი თემა დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობაა.

ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. მიმდინარე საკითხი ძალიან აქტუალურია. ბრიუსელში ველოდებით მინისტრებს ამ ქვეყნებიდან. რაც შეეხება საქართველოს, არის პრობლემური საკითხები, კერძოდ, ის რაც ეხება საქართველოში შერჩევით სამართალს. შეშფოთებულები ვართ და ამ თემაზე ვესაუბრებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს", - განაცხადა ბილდტმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ სპეციფიკურ თემებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანია აღმოსავლეთ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე სრულყოფილი არაა", - აღნიშნა ვესტერველემ.

ბრიუსელის შეხვედრა ვილნიუსის სამიტისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხები უნდა გადაწყდეს.

კომენტარები