თბილისის საკრებულო

ახვლედიანი: საკრებულოს გადაწყვეტილებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ

timer.ge
საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღევანდელი სხდომა კანონის დარღვევით ჩატარდა და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდება. 
 
ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. 
 
"ჩვენი ფრაქცია ამ სხდომის შედეგებს არ ცნობს. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას ჩვენი ფრაქცია კატეგორიულად არ დაუჭერს მხარს. ამ თემასთან დაკავშირებით კოალიცია ქართულ ოცნებაშიც გახლავთ შეუთანხმებლობა, ნაწილი არ უჭერს მხარს მის კანდიდატურას და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაჩქარებული მეთოდებით უნდათ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ვიცით, საქმის კურსში არც პრემიერმინისტრი არ არის", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 
 
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს. გადაყენებულია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.
 
26 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხსაც დააყენებენ.
 

კომენტარები