ევროპარლამენტის დელეგაცია

პრემიერის პრესსამსახური: ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერის პრესსამსახური უარყოფს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ დღეს პრემიერმა ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გააუქმეს. პრესამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დაგეგმილი არც ირაკლი ალასანიას ჰქონდა:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ხაზგასმით აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გააუქმეს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელიც თითქოს დღეს, 17 ივლისს უნდა გამართულიყო, არ შეესაბამება სიმართლეს.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერ გაუქმდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემზადება უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, რომელიც გაიმართება პოლონეთსა და ლიტვაში, რის გამოც ასეთი შეხვედრა ვერც დაიგეგმებოდა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, მისი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ასევე არ იყო დაგეგმილი, რადგან დღეს მინისტრი მასპინძლობს თავის კოლეგას, სომხეთის თავდაცვის მინისტრს და ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 17 ივლისს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმეს, რაც დელეგაციის წევრები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

კომენტარები