ევროპარლამენტის დელეგაცია

ევროპარლამენტარების შეხვედრა ივანიშვილთან და ალასანიასთან დაგეგმილი იყო

europarl.europa.eu

ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა პრემიერმინისტრ ივანიშვილთან და თავდაცვის მინისტრ ალასანიასთან დაგეგმილი იყო - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.

"ევროპარლამენტარები შეხვდებიან პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს", - მითითებულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.

დღეს პრემიერის პრესსამსახურმა უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გააუქმეს. პრესსამსახურის ცნობით, ეს შეხვედრა დაგეგმილი არც ივანიშვილს და არც ირაკლი ალასანიას არ ჰქონიათ.

პრემიერის პრესსამსახურის პასუხი პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარს მოჰყვა. სააკაშვილმა თქვა, რომ პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმეს, რაც დელეგაციის წევრები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების გამო სინანული გამოთქვა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა არნო დანჟანმაც:

"პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ომის საკითხები ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ასევე ურთიერთობები რუსეთთან და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ეს იყო ჩვენი ვიზიტის მიზანი და აქედან გამომდინარე, ვწუხვართ, რომ არ მოხერხდა შეხვედრა პრემიერ ივანიშვილთან და არც თავდაცვის მინისტრთან, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ გვქონდა ეს ინფორმაცია. განსაკუთრებით კი გულდასაწყვეტია, რომ არ შევხვდით თავდაცვის მინისტრს, რადგან მისი და ჩვენი კომპეტენცია ერთია", - ამბობს არნო დანჟანი.

 

კომენტარები