ევროპარლამენტის დელეგაცია

პრეზიდენტი: ევროპარლამენტარებთან შეხვედრა პოლიტიკური გემოვნების საკითხი არაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმეს, რაც დელეგაციის წევრები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დელეგაციასთან საუბარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გემოვნების საკითხს არ წარმოადგენს.

"სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისინი დილით ციხეში შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს. მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი აქ საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. ეს არის ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, რომელიც ჩამოსულია ოკუპაციის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევ აღნიშნა, რომ პრემიერის გადაწყვეტილება პოლონეთში ვიზიტის შესახებ სასიხარულოა.

"მომწონს და მიხარია, რომ პრემიერმინისტრმა გადაწყვიტა წავიდეს პოლონეთში ვიზიტით. ეს არის ის ვიზიტი, რომელზეც მე პოლონელებს ვესაუბრე რამდენიმე თვის წინ და დადებითი მოვლენაა, რომ, როგორც იქნა, პოლონეთში მიდის, მაგრამ ასევე მოუწოდებდი მას, რომ ყოველთვის ესაუბროს ასეთ დელეგაციებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები