უგულავას საქმე

გიგი უგულავა: პროკურატურა დროსა და სივრცეშია აცდენილი

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პროცესის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

უგულავას თქმით, მან ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში "საზოგადოებისთვის საინტერესო ტყუილები მოინიშნა". 

"გამოძიება საუბრობს, თითქოს ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელი იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, გამოძიებას აქამდე უნდა სცოდნოდა, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა 2008 წლის თებერვალში და ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის მიწურულზე. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ გარდაცვალების შემდეგ იმედი კონფლიქტში იყო ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრესთან, მის ოჯახთან და ვერანაირად ვერ იქნებოდა გარდაცვლილი ადამიანის წარმომადგენელი ხელისუფლებასთან ჯოზეფ ქეი. გამოძიება ამ ნაწილში აგებულია თითქოს მართლზომიერ მესაკუთრეზე, რომელსაც წაერთვა მის მფლობელობაში არსებული ტელევიზია. თუმცა პასუხი არ არის გაცემული შეკითხვაზე, იყო თუ არა იმედის მართლზომიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეი. არჩევნების შემდეგ კი, გიორგი არველაძემ იმედი დაუბრუნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. გაუგებარია, თუკი ჯოზეფ ქეი იყო მართლზომიერი მესაკუთრე, რატომ უბრუნებენ ტელევიზიას ინა გუდავაძეს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მან საქმეში არსებულ მოწმეებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან მოწმეთა ძირითადი ნაწილი "ერთ ნავში ზის".

"ერთ-ერთი ასეთი მოწმეა გიგა გიორგაძე, რომელიც არის სოზარ სუბარის მოადგილე და მედავება, თითქოს მედიაბარონი ვარ. გასაგებია, მსგავსი ადამიანების მიერ მიცემული ჩვენებები. ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეშია აცდენილი, ამის დადასტურებას შევძლებ 30 აგვისტოდან, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას მოწმეების დაკითხვა დაიწყება", - აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აგვისტოს გაიმართება, სადაც ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

თბილისის მერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. საქმე ეხება ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, თბილსერვისჯგუფის საქმე

კომენტარები