კირვალიძის საქმე

ივანიაძის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

facebook.com/OfficialPOG

მამუკა ივანიაძის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს.
"2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით.
შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. 
მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ მასზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. 

კომენტარები